+995 32 ‎2 407 222

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

 

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც იმართება 21 თებერვალს, რათა ხელი შეუწყოს ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობას.

21 თებერვალი მშობლიური ენის დღედ გამოცხადა იუნესკომ 1999 წლის 17 ნოემბერს, ხოლო ოფიციალურად აღიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს გაეროს რეზოლუციით. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მოწოდებულია „მსოფლიოს ხალხების მიერ გამოყენებული ყველა ენის შენარჩუნებისა და დაცვის ხელშეწყობისთვის".

მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა ბანგლადეშის ინიციატივა იყო. 1952 წლის 21 თებერვალს ბენგალელები იმდროინდელი პაკისტანის პროვინციის აღმოსავლეთ ბენგალი (რომელიც ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანგლადეში) იბრძოდნენ ბენგალური ენის აღიარებისთვის. ეს ბრძოლა სისხლის ღვრით დასრულდა, მაგრამ მიზანს მიაღწიეს და ბენგალურმა ენამ სიცოცხლე შეინარჩუნა, მოგვიანებით კი ბანგლადეშის სახელმწიფო ენად გამოცხადდა.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყოველწლიურად აღნიშნავს მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებით. წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და თბილისის საკრებულოსთან ერთად გაიმართა შეხვედრა იმ მწერლებთან, მთარგმნელებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც საქართველოში გავრცელებულ უმცირესობათა ენებზე წერენ და თარგმნიან. მათ საზოგადოებას გააცნეს თავიანთი შემოქმედება. შეხვედრას ისრაელიდან დისტანციურად შემოუერთდა ცნობილი მწერალი და მთარგმნელი შალომ დავიდი. 1989 წელს სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა გამოსცა მისეული მოსეს ხუთწიგნეულის ქართული თარგმანი. ზენობიანიდან შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა უდი პოეტი ქალი ჟენია მამულაშვილი, რომელმაც მისი ნათარგმნი ახალი აღთქმის რამდენიმე ეპიზოდი და საკუთარი ლექსები წაუკითხა უდიურ ენაზე.

ამას გარდა, სპეციალური საჩუქრებითა და სიგელებით აღინიშნება საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, უკრაინელი, უდი და პოლონელი მწერლების, მეცნიერების, ჟურნალისტებისა და მთარგმნელების შემოქმედება. ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, თბილისის საკრებულოს კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს ის მწერლები, მთარგმნელები და ჟურნალისტები, რომლებაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ებრაული, ქართულ-ოსური, ქართულ-სომხური, ქართულ-აზერბაიჯანული, ქართულ-ვაინახური, ქართულ-იკრაინული და ქართულ-პოლონური კულტურული ურთიერთობების განვითარებაში: ირაკლი შამათავა, შალომ დავიდი, ქეთევან მატაბელი, ნაირა ბეპიევი, მაჰმუდ ქემალოღლი, ხალადინ ელჩუევი, სულეიმან სულეიმანოვი, ლევონ ჩიდილიანი, გელა გელაშვილი, დიანა ტერ-ბაღდასაროვა, ჟენია მამულაშვილი, მექა ხანგოშვილი, ნატალია ტროხიმი, მაკა ფილინა.

 

 

 

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის